English / ქართული / русский /
ნინო მამულაძე
მომხმარებელთა ქცევის მახასიათებლები სოციალურ ქსელში

მომხმარებელთა ქცევის და მისი განმაპირობებელი თავისებურებების შესწავ­ლა აქტუალურია მათთვის, ვინც ბაზარზე წარმატების მიღწევისაკენ მიისწრაფვის და შესაბამისად იყენებს მომხმარებელთა ქცევის შესწავლისა და მართვის სხვადასხვა მეთოდებს. საბაზრო ურთიერთობების გაღრმავებასთან და კონკურენციის გაძლი­ერებასთან ერთად საქართველოში მომხმარებლებთან ურთიერთობამ სხვა­დასხვა კომპანიების მარკეტინგულ კომპლექსში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს. გამომდინარე იქედან, რომ მომხმარებელთა ქცევა ცვალებადია დროთა განმავ­ლობაში, ცვალებადია მათი სურვილები და მოთხოვნილებები და ამავდროულად ისინი ითხოვენ რაღაც ახალს, განსხვავებულს და ინოვაციურს, რაც მისთვის სარგებლის მომტანი იქნება, კომპანიის მთელი ძალისხმევა მათკენ უნდა იყოს მიმართული. კონკურენტული უპირატესობის მიღწევა, ხომ სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნილებების ზუსტი შესწავლითა და დაკმაყოფილებით არის განპირო­ბებუ­ლი. კომპანიებს მომხმარებლებთან ურთიერთობა სხვადასხვა საშუალებებით შეუძ­ლი­ათ, პერსონა­ლური კომუნიკაციები, პირდაპირი მარკეტინგი, რეკლამა და ასევე სხვა საკომუნიკაციო საშუალებები და, რა თქმა უნდა, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური მიმართულება   –  სოციალური-ქსელი[1]

თანამედროვე სამყარო ციფრული ტექნოლოგიების ერაა. გაჩნდა ახალი შესაძლებლობები და პლატფორმები, სამყარო თითქოს ერთ პატარა სივრცეში მოეწყო, რასაც ჰქვია ინტერნეტი და სოციალური ქსელები.  დღეს იშვიათად თუ მო­იძებ­ნება ბიზნესი, რომელიც სოციალურ ქსელებში არაა წარმოდგენილი. სოცი­ალური ქსელების  პოპულარულობის მთავარი მიზეზი, მცირე დროში ნაკლები დანახარჯებით ხმის მიწვდენაა მომხმარებლისათვის.  რეკლამები, ვიდეო მიმარ­თვები, ცნობილი სახეების მიერ რეკომენდაციების გაცემა (ინფლუენსერები), დადე­ბითი თუ უარყოფითი კომენტარები, ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწი­ლია და ბუნებრივია მოქმედებს ჩვენი, როგორც მომხმარებლის ქცევაზე. დადე­ბითი გამოხმაურებები, საქონლის კარგი შეფუთვა, გაცემული რეკომენდაციები და ა.შ. სურვილს აღგვიძრავს და გვიბიძგებს საქონლის შეძენისკენ[2].

21-ე  საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის ეპოქა, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიებთან და სოციალურ ქსელებთან. დღევანდელ სამყაროში ნებისმიერი საქმიანობა, ეს იქნება განათლება, ბიზნესი თუ ადამიანური ურთიერთობები, ყველაფერი ტექნოლოგიებზე გადის. ტექნოლოგიებმა  შეცვალა ადამიანების აზროვნება, ისინი მოქმედებენ ჩვენს მეხსიერებაზე, ყურადღებასა და ქცევაზე[3].

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 21-ე საუკუნე ციფრული მარკეტინგის საუკუნეა. იგი ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად იქცა. მსოფლიოს წარმატებული ბრენდები გამოირჩეოდნენ სოციალურ ქსელში აქტი­ურობით, თუმცა კოვიდ 19-ის პანდემია აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი  მიზეზი, რის გამოც ყველა, მცირე თუ დიდი ზომის კომპანია გადაერთო ონლაინ პლატფორმაზე და ამ მეთოდით დაიწყეს მომხმარებელთან ურთიერთობა. თუ გადავხედავთ კომპანიების საქმიანობას და სოციალურ ქსელებს, დავინახავთ, რომ ბოლო წლებში, წინა წლებთან შედარებით მომატებულია მსგავსი ტიპის აქტივობები. ინტერნეტის მოქნილობა, სწრაფად ინფორმაციის გადაცემისა და მიღების საშუალება, ორმხირივი კომუნი­კაციის დამყარება, ესეც რიგი მიზეზთაგანია, რის ფონზეც კომპანიები ონლაინ საქმიანობას ანიჭებენ უპირატესობას[4].

დღეისათვის კომპანიები სხვადასხვა პლატფორმებს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლებთან ურთიერთობისათვის. ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი  Facebook-ია. იგი გამოიყენება ბიზნესის ცნობადობის გაზრდისათვის, მომხმა­რებელთა დაინტერესებისა და ინტერესის აღძვრისათვის, მომხმარებლებთან ურთიერთობის­თვის, რეკლამის განთავსებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის. Facebook-მა მთლიანად შეცვალა ბიზნესის საქმიანობა და სრულიად ახალი რეალობა შექმენა ბიზნესსამყაროში, კერძოდ: ინფორმაციის სწრაფად გადაცემამ დროის მნიშვნელოვანი დაზოგვა გამოიწვია; დაზოგა დანახარჯები და კომპანიებს მისცა დანა­ხარჯების მონიტორინგის საშუალება; მნიშვნელოვანი გახადა მომხმარებლის აზრი და მათი ჩართულობა; კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიების მთავარი წყარო სწორედ Facebook-ია და ამის შემდგომ უკვე საიტი; შესაძლებელი გახადა მცირე დროში, მცირე დანახარჯებით ბაზრის კვლევა. მოგეხ­სენებათ, ბაზრის კვლევა და მომხმარებლების ანალიზი დიდ ხარჯებთანაა დაკავ­ში­რებული[5]. Facebook-ი ფლობს მომხმარებლების ყველაზე მდიდარ ბაზას.  მას ღრმად შეუძლია მომხმარებლის ფსიქოტიპის ანალიზი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს მომხმარებლების დაყოფა სხვადასხვა პერსონალური მაჩვენებლით.

ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პროგრესიის ერაში, ყოველდღიურად იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები. მათ შორისაა, რა თქმა უნდა, მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევა, ინტერესები და გემოვნება.

ინდივიდის, როგორც მომხმარებლის, ქცევა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეიცვალა.  დღეს ადამიანებს მარტივად შეუძლია შეიძინონ ონლაინ თითქმის ყველა პრო­დუქტი. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა შეცვალა პროდუქტისა და მომსახუ­რე­ბის გზები. სოციალურმა ქსელებმა შეცვალეს ურთიერთობების სტილი, თუმცა ყვე­ლა ამ სიახლეს აქვს ერთი მიზანი  –  დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნი­ლებები[6].

სოციალური მედია მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს. 21-ე საუკუნეში სამომხმარებლო ტენდენციებია გაბატონებული, ადამიანები ხშირად ვერც კი  ვაცნობიერებთ საჭიროებებს და ისე ვყიდულობთ სხვადასხვა საგნებს. აღსა­ნიშ­ნავია ის ფაქტიც, რომ დღევანდელ საზოგადოებაში მატერიალური კეთილდღეობა,  პრესტიჟის ამაღლება და  სტატუსის შექმნა ადამიანებისთვის ძალიან პრიორიტე­ტუ­ლია. ემოცია, რომელსაც მომხმარებელი საქონლის შეძენისას იღებს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  სწორედ ამას ემსახურება მარკეტინგი და მომხმარებელთა ქცევის შეს­წავლა. სწორედ ეს მიდგომა, ადამიანებისთვის ემოციის შექმნა, ყიდვის პროცესის უფრო წახალისება გამოიყენება თანამედროვე, ციფრულ მარკეტინგში და  სოციალურ ქსელებში მომხმარებლების ფსიქოლოგიაზე ზემოქმედებისათვის[7].

წარმოგიდგენთ 5 ფსიქოლოგიურ ხერხს, რომლითაც სოციალურ ქსელებში იქცევენ მომხმარებლების ყურადღებას: 1-ელი ეს არის ფერების ფსიქოლოგია. ის კომპანიები, რომლებიც სწორ ფერთა პალიტრას ქმნიან, მარტივად იქცევენ ადამიანების ყურადღებას. სწორედ ასეთია Facebook-ის ლოგოს ფერი, ცისფერი, რომე­ლიც ადამიანებში სიმშვიდესთან ასოცირდება. მე-2 ხერხი, ეს არის გამოსახულების ეფექტი. ადამიანებს იზიდავს კარგი ხარისხის გამოსახულებები, მრავალფეროვანი შინაარსით.  მე-3 ხერხი არის სიტყვის ხერხი, იგივე copyrighting-ი, რომელიც სოციალური მედია მარკეტინგის ერთ-ერთი მიმართულებაა. მნიშვნე­ლოვანია პირველი წინადადებები, რომელსაც მომხმარებელი წაიკითხავს. აღწერა ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს, რათა მომხმარებელს სურვილი გაუჩნდეს კითხვის გაგრძელების. მე-4 ხერხი არის ემოციის შექმნა. ეს შეიძლება იყოს ვიდეო ან რაიმე სამოტივაციო წარწერა, რითიც მომხმარებელს თავს დაამახსოვრებს კომპანია. მე-5 ხერხია კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელებს არა მარტო საქონლის წარმოსაჩენად იყენებდეს კომპანია, არამედ მომხმარებლებთან მუდმივი კომუ­ნი­კაციის დასამყარებლად. მათი აზრებისა და სურვილების მოსმენა  კი იწვევს ნდობას, რაც  ძალიან  მნიშვნელოვანია  მომხმარებლების  შესანარჩუნებლად[8].

სოციალური მედია თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მან თითქმის წაშალა ზღვარი ონლაინ და რეალურ ცხოვრებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ  სოციალური ქსელები, როგორიცაა  Facebook, instagram, Twitter, Linkedin და სხვა, განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავიანთი შინაარსით, ყველა პლატფორმაზე მოიძებნება ადგილი ბიზნესის წარმოსაჩენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფასიანი რეკლამის წარმოების შესაძ­ლებლობა არ არსებობს.

საქართველოში ინტერნეტის განვითარებასთან ერთად მომხმარებლებისათვის სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სოციალური ქსელები. ამის ნათელი მაგალითია სოციალური მედიის გამოყენების მაჩვენებლები, რომელიც ნაჩვენებია სურათზე (იხ. სურათი 1)[9].    

სურათი 1.  ციფრული მედიის გამოყენების მაჩვენებელი 

 

წყარო: https://ge.itstep.org/blog/სოციალური-ქსელების-მიმოხილვა-2020-21-წლისთვის 

სოციალური მედია მუდმივად განიცდის ცვლილებებს.  მათი პოპულარულობა კი ყოველდღიურად იზრდება. ადამიანები დროს აღარ უთმობენ საზოგადოებრივ არხებს, ტელევიზიას.

ბოლო პერიოდში ქართულმა კომპანიებმაც აქტიურად დაიწყეს ყურადღების გამახვილება სოციალურ მედიაზე. გააცნობიერეს მისი მნიშვნელობა და ამ მიმარ­თულებით არაერთი ნაბიჯი გადადგეს. თუ განვიხილავთ გარკვეულ პერიოდებს, რამდენიმე წლის წინ უმეტესი კომპანიების ვებგვერდები არ იყო აქტიური, ხოლო მათგან, ვისიც აქტიური იყო, მხოლოდ ნაწილი ახერხებდა წარმატების მიღწევას. ქართულ რეალობაში კომპანიების უმეტესობა წარმოდგენილია მხოლოდ Facebook გვერდზე [Social Media Marketing – participant document, გვ. 16 ].

ბოლო პერიდოში გარემოება შეიცვალა  გამომდინარე იქედან, რომ ქართველი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და რადგანაც ინფორმაციის მოპოვების პირველი წყარო სწორედ ინტერნეტი და სოციალური ქსელებია, ბუნებრივია კომპანიებმა ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებები განახორციელეს – მოხდა ინფორმაციული სრულყოფა, გააქტიურეს ვებგვერდები, კომპანიის ოფიციალური გვერდი სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საზოგადოებას შესთავაზეს ონლაინ კატალოგები, პროდუქციის სახლში მიტანის სერვისი, დაზოგეს მომხმარებლის დრო და მთლიანობაში გაუმარტივეს მომხმარებ­ლებს საქონლის შერჩევისა და ყიდვის პროცესი.  რა თქმა უნდა, მომხმარებელთა მხრი­დან გამოხმაურებაც საკამოდ დიდი იყო და საზოგადოებაც აქტიურად გადა­ერთო ონლაინ სივრცის გამოყენებაზე,   მისი საშუალებით საქონლისა თუ მომსახურების შეძენაზე.

არსებული გარემოების პარალელურად, ჩვენთვის საინტერესო იყო იმის განსაზღვრა, იყენებენ თუ არა მომხმარებლები სოციალურ ქსელს კომპანიებთან ურთიერთო­ბისათვის, რა ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას და ასევე ახდენს თუ არა გავლენას ინტერნეტმარკეტინგი მათ ქცევაზე. ამისათვის ჩვენ ჩავატარეთ ონლაინ მარკეტინგული კვლევა და მივიღეთ შემდეგი შედეგები.

კვლევის ფარგლებში, პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესო იყო მომხმარებლის სქესის და ასაკის განსაზღვრა, თუ ძირითადად რომელი სქესისა და ასაკის ადამიანები გამოირჩევიან სოციალურ ქსელში აქტიურობით. შედეგები შემდეგია: 59,6% იყო მდედრობითი, ხოლო 40,4% მამრობითი სქესის წარმო­მად­გენელი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით შედეგები კი ასე გადანაწილდა: 19–25 წელი  – 32,7%;  36–45 წელი  –  25%; 16–18  წელი   –  21,2%;  26–35 წელი  –  15,4%;  61 წელს ზემოთ  –  5,8 %.

მნიშვნელოვანია განისაზღვროს სოციალური ქსელის მოხმარებელთა მაჩვენებელი, რათა განვსაზღვროთ რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს კომპანიების მიერ განხორციელებული საქმიანობა სოციალურ ქსელებში მომხმარებელთათვის.  კვლე­ვის ფარგლებში რესპოდენტებთან მიმართებაით  დასმული იყო კითხვა, არიან თუ არა ისინი სოციალური ქსელის მომხმარებლები. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რესპოდენტთა 75% არის სოციალური ქსელის მომხმარებელი, 19.2% მოიხმარს საჭიროებისამებრ, ხოლო  5.8%  არ  მოიხმარს  სოციალურ  ქსელს  (იხ. დიაგრამა 1). 

დიაგრამა 1: სოციალური ქსელის გამოყენების მაჩვენებელი

 

წყარო:  ავტორისეული კვლევის შედეგი 

არსებულ მრავალფეროვან სოციალურ პლატფორმებთან მიმართებით ასევე საინტერესოდ ჩავთვალეთ განგვესაზღვრა ის კონკრეტული პლატფორმა, რომელსაც მომ­ხმა­რებელი ანიჭებს უპირატესობას, გამომდინარე იქედან, რომ ეს შეიძლება მანიშნებელი იყოს კომპანიებისათვის  იმისა, თუ კონკრეტულად  რომელი სოცი­ალუ­რი ქსელი იქნება მათთვის შედეგზე ორიენტირებული და შეძლებენ მომხმა­რებელზე მორგებული მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას. კითხვაზე, თუ რომელ სოციალურ ქსელს ანიჭებს მომხმარებელი უპირატესობას,  აღმოჩნდა რომ, რესპო­დენტთა  55.8%  Facebook-ს  ირჩევს,  23.1%  –  Instagram-ს,  7.7% – LinkedIn-ს  და   TikTok-ს (იხ. დიაგრამა 2). 

დიაგრამა 2. მომხმარებლისთვის პრიორიტეტული ინტერნეტპლატფორმა

 

წყარო:  ავტორისეული კვლევის შედეგი 

სიახლეებისა და სხვადასხვა აქტივობების შეთავაზება ერთ-ერთი მნიშვნე­ლო­ვანი ფაქტორია კომპანიებისათვის, რადგან სწორედ მათი საშუალებით არის შესაძ­ლებელი მომხმარებელთა ყურადღების მიქცევა და დაინტერესება. რესპოდენ­ტების გამოკითხვისას, ელოდებიან თუ არა ისინი სიახლეებს კომპანიისგან და რამდენად ადევ­ნებენ თვალს მათ ონლაინგვერდს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 46.2% მუდ­მივად ადევნებს თვალს, 48.1% იშვიათად ადევნებს, ხოლო 5.8% არ ადევნებს თვალს (იხ. დიაგრამა 3). 

დიაგრამა 3: მომხმარებლის მიერ კომპანიის საქმიანობის გაცნობის მაჩვენებელი

 

წყარო:  ავტორისეული კვლევის შედეგი 

კომპანიების მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებული საქმიანობა და მარ­კე­ტინგული აქტივობები საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაბამისად, შემდეგი შეკით­ხვა მიზნად ისახავდა იმის გაგებას, თუ არსებული მრავალფეროვანი აქტივო­ბები­დან და კომპანიასთან დაკავშირებული დეტალებიდან კონკრეტულად რომელი მაჩვენე­ბელი ექცევა ყველაზე მეტად მომხმარებლის ყურადღების ცენტრში.  აღმოჩნდა, რომ 25% ყურადღებას ამახვილებს ფასსა და ფასდაკლებებზე,   23.1%   საქონლის შეფუთვაზე,  32% ეცნობა გამოხ­მაურებებს  და  46.2%  სხვა  საშუალებებს  ასახელებს (იხ. დიაგრამა 4). 

დიაგრამა 4: მომხმარებლის ყურადღების მიზიდვის საშუალებები

 

წყარო:  ავტორისეული კვლევის შედეგი 

ერთია კომპანიების აქტიურობა სოციალ ქსელში, ხოლო მეორეა მომხმა­რებ­ლის აქტიურობა, თუ კონკრეტულად რა ქმედებებს ახორციელებს იგი სოციალურ ქსელში და რა კუთხით იჩენენ აქტიურობას. წერენ თუ არა დადებით ან უარყოფით გამოხ­მაურებებს კომპანიებთან და მათ პროდუქციასთან მიმართებაში, სადაც ისინი მოახდენენ მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების წარმოჩენას. შეკითხვაზე, წერთ თუ არა დადებით ან უარყოფით გამოხმაურებებს სოციალურ ქსელში, რესპოდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა: 46.2% მხოლოდ თვალს ადევნებს, 21.2% არ წერს, 17.3% იშვიათად, მაგრამ მაინც წერს, ხოლო 15.4% აქტიურად წერს (იხ. დიაგრამა 5). 

დიაგრამა 5: მომხმარებლის აქტივობის მაჩვენებელი გამოხმაურებებთნ მიმართებით

 

წყარო:  ავტორისეული კვლევის შედეგი 

კვლევის ბოლოს გამოვიყენეთ ღია ტიპის კითხვა, სადაც რესპოდენტებს ვთხოვეთ დაესახელებინათ ქართული კომპანია, რომელიც მათი თვალთახედვით ყველაზე მაღალი აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში და აქტიურ კომუ­ნი­კაციას აწარმოებს მომხმარებელთან.  შედეგადაც გამოვლინდა შემ­დეგი კომპანიები: საპოვნელა, ზუმერი, ტექნოლაბი, ბარამბო, თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი და ა.შ.

კვლევის შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი გახდა კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში. შესაბამისად გააქტიურდა კომპანიების აქტივობა სოციალურ ქსელებში და ამ ქმედებებს მომხმარებელთა მხრი­და­ნაც დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მომხმარებელი სოცი­ალურ ქსელში საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. მათთვის მნიშვნე­ლოვანია კომპანიების მიერ ხშირად შეთავაზებული მარკეტინგული აქტივობები, რაც მათ დაინტერესებას იწვევს და შესაბამისად   ყიდვისკენ უბიძგებს.

ქართული კომპანიების უმეტესობა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე ახორციელებს  საქმიანობას, თუმცა ძირითადად მხოლოდ ერთ პლატფორმას, კერძოდ Facebook-ს იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა კომპანიებმა ყველა შესაძლო პლატფორმა გამოიყენონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა, რაც მთლიანობაში მეტი მომხმარებლის დაინტერესებისა და მოზიდვის შესაძლებლობას გამოიწვევს. რა თქმა უნდა, მოცემული აქტივობა ერთ-ერთი ძირითადი  წინაპირობაა კონკურენ­ტული უპირატესობის მოპოვებისათვის, მომხმარებლებთან აქტიური და ხშირი  ურთიერთობისათვის, მომხმარებელზე ზრუნვისა და მათთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებისათვის.  

გამოყენებული ლიტერატურა

Social Media Marketing – participant document.

https://matsne.gov.ge/ka/document/view/32974?publication=12

https://www.tsu.ge/data/file_db/economist_faculty/momx.qceva.pdf

https://ka.warbletoncouncil.org/frases-marketing-3478

https://salespartner.ge/momxmareblis-kceva/

https://www.connect.ge/ka/blog

https://www.statista.com/topics/1164/social-networks/

https://ge.itstep.org/blog/სოციალური-ქსელების-მიმოხილვა-2020-21-წლისთვის.

https://4p.com.ge/socialuri-qseli-rogorc-marketingis-marjvena-kheli/